ევროპის დროით 16:38 საათი, Malmo Arena–ს პრეს ცენტრი, ქალაქი მალმო, შვედეთი..
გენერალური რეპეტიცია ამ წუთებში დამთავრდა. მომქანცველი პერიოდის შემდეგ ყველანი ველოდებით ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსის, ‘ევროვიზიის’ ფინალის დაწყებას. შეგახსენებთ, რომ ფინალში 26 ქვეყნის წარმომადგენლები გადავიდნენ, მათ შორის ქართველი კონკურსანტებიც არიან. მონაწილეთა რიგითობა ასეთია:
საფრანგეთი
ლიტვა
მოლდოვა
ფინეთი
ესპანეთი
ბელგია
ესტონეთი
ბელორუსი
მალტა
რუსეთი
გერმანია
სომხეთი
ნიდერლანდები
რუმინეთი
დიდი ბრიტანეთი
შვედეთი
უნგრეთი
დანია
ისლანდია
აზერბაიჯანი
საბერძნეთი
უკრაინა
იტალია
ნორვეგია
საქართველო
ირლანდია
კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე
სულ ცოტა ხნის წინ სოფოსა და ნოდიკოსთან კიდევ ერთხელ მოვახერხეთ გასაუბრება. მათ გვითხრეს, რომ შესანიშნავი განწყობა აქვთ, რეპეტიციამ იდეალურად ჩაიარა და ეცდებიან ძალიან ბევრს, რომ მთელი ევროპის გული მოიგონ. ქართველი კონკურსანტები ფავორიტებს შორის მოიაზრებიან, შესაბამისად, ჩვენს კონკურსანტებს პასუხისმგებლობა ნამდვილად დიდი აქვთ.
გთავაზობთ სრულ ინტერვიუს:
პრეს ცენტრში, სოფისა და ნოდის (სწორედ ასე მოიხსენიებენ მას აქაური ჟურნალისტები) რეპეტიციის ტრანსლირებისას საკმაოდ ხმამაღალი აპლოდისმენტები გაისმა, რაც იმას მოასწავებს, რომ შანსები მართლაც რეალურია. მალმოში სოფო და ნოდიკო ნამდვილად უყვართ.
მაშ ასე, ყველაფერი მზად არის, ჩვენ კი ველოდებით ფინალს, რომელიც ნამდვილად საინტერესო იქნება: ბევრი ცეცხლი, ბევრი ფერადი შუქი, ძალიან მაგარი შოუ და, რაც მთავარია, ემოციების ნამდვილი ‘ჩანჩქერი’..
წარმატება ვუსურვოთ ნოდიკოს და სოფოს! იმედი გვაქვს, ისინი შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას და ბევრ დადებით იმპულს გამოგვიგზავნიან შვედეთიდან.
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს კი უკვე ტრადიციულად მივმართავ – დაურეკეთ, დაუმესიჯეთ, დაუჭირეთ მხარი საქართველოს!
მალმოში გუშინ, დღისით ჩამოვედით. 2 ფრენა, შემდეგ მატარებელი კოპენჰაგენიდან.. ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ ნამდვილად ღირდა. ფანტასტიური ადგილი, პატარა, მაგრამ ლამაზი, სუფთა ქალაქი, რომელშიც არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. ყველა ცდილობს დაგვეხმაროს, სწორი მიმართულება გვიჩვენოს.. მოკლედ, მითი ქართული, ყველაზე მაგარი სტუმართმოყვარეობის შესახებ წამებში დამემსხვრა ( ). მალმო იდეალური ქალაქია ამ კონკურსისთვის. ყველაფერი ევროვიზიის ფერებშია, შვედებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც საზეიმო განწყობა აქვთ.
აქ რატომ ვარ, ალბათ უკვე იცით ჩემი წინა პოსტიდან. წლევანდელი ევროვიზიის სპონსორი მობილური კომპანია TeliaSonera-ა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მობილური ოპერატორებისგან შედგება. სწორედ მათ რიგშია ჯეოსელი, რომელმაც რეპორტიორებთან ერთად მისი ტრადიციული გათამაშების გამარჯვებულებიც ჩამოიყვანა ევროვიზიაზე.
როგორც უკვე იცით, კონკურსის პირველი ნახევარფინალი 14 მაისს გაიმართა. მომდევნო ეტაპზე ესტონეთის, დანიის, რუსეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, ლიტვის, ბელორუსის, მოლდოვას, ირლანდიისა და ბელგიის წარმომადგენლები გადავიდნენ. სამწუხაროდ, პირველ ნახევარფინალს ვერ ჩამოვუსწარით, მაგრამ მეორეს, რომელზეც ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი გამოდიან, უკვე დარბაზიდან გავაშუქებთ. დღეს დატვირთული დღე გვაქვს – ინტერვიუები, გადაღება, შეხვედრა… საღამოს კი კონცერტი, რომელსაც ყველანი ველოდებით. იმედი გვაქვს, ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს საქართველოც შეუერთდება და ჩვენი კონკურსანტები ფინალში გავლენ.
სოფოსა და ნოდიკოს სულ ცოტა ხნის წინ გავესაუბრეთ. შემართება და დადებითი განწყობა ნამდვილად არ აკლიათ, იმედი გვაქვს, მართლაც კარგ შოუს გვაჩვენებენ სცენაზე და პრობლემების გარეშე მოიპოვებენ, ვფიქრობ, დამსახურებულ ადგილს ევროვიზიის ფინალში.
აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, რომ შოუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯეოსელის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდება Live ბმული ვებ გვერდიდან http://supercharged.eurovision.tv, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა გულშემატკივარს, პირდაპირ ეთერში იხილოს სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის ემოციები და შთაბეჭდილებები უშუალოდ სცენაზე გასვლის წინ. აგრეთვე, აღნიშნულ ვებ გვერდზე შეგიძლიათ კონკურსის პირობებსაც გაეცნოთ, რომელიც გაძლევთ შანსს, მოიგოთ ძალიან მაგარი ტელეფონი – Samsung Galaxy S4.
ასე რომ, ვუგულშემატკივროთ ქართველ მომღერლებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს კი ვთხოვ, ზარები და SMS-ები არ დაიშურონ ჩვენი კონკურსანტების მისამართით, რათა მათ კიდევ ერთხელ შეძლონ მალმოს ულამაზეს არენაზე გამოსვლა და გამარჯვებისთვის უკვე ფინალში იბრძოლონ.
აქ იმდენი ხანია არაფერი დამიწერია, ბლოგის ადმინ პანელში შემოსულს მტვრის სუნი მეცა : ) მგონი ვორდპრესის ძრავის გამოყენებაც ცოტათი დამავიწყდა. ჩემმა მკითხველებმა იციან, რომ თუ მოვენატრე mastsavlebeli.ge-ზე უნდა მეძებონ, იქ შედარებით ხშირად ვწერ, პირადი ბლოგი კი მიმავიწყდა.. არადა სულ რაღაც 2 თვის წინ 3 წელი შეუსრულდა ჩემს ბლოგს, არც მიმილოცია, საჩუქარზე რომ არაფერი ვთქვათ..
რამ გამოიწვია ჩემი დაბრუნება? სათაურიდან ალბათ მიხვდით – ვეცდები შედარებით უკეთ განვმარტო რა და როგორ ხდება. Continue reading →
აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნება სოციალურ მედიაში და ზოგადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საინიციატივო ჯგუფ ‘თარგმნეს’ შესახებ გავრცელებულმა მრავალმა ჭორმა თუ ცრუ ინფორმაციამ გადაგვაწყვეტინა. ჩვენ მოკლედ შევეცდებით გადმოგცეთ და ნათელი გავხადოთ, თუ რას წარმოადგენდა, რას საქმიანობდა და რა შედეგს მიაღწია ამ ჯგუფმა.
საინიციატივო ჯგუფი ‘თარგმნე’ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტმა ჩამოაყალიბა. ჩვენი მიზანი ფაკულტეტზე არსებული ქართულენოვანი სასწავლო მასალის სიმცირის პრობლემის დღის წესრიგში დაყენება და გადაჭრის გზების მოძებნა იყო.
‘თარგმნე’ არ წარმოადგენდა ორგანიზაციულად ჩამოყალიბებულ კავშირს – არასამთავრობო ან შვილობილ ორგანიზაციას, ასოციაციას და ა.შ. მას არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ პირთან ჰქონია შეხება.
თარგმანების თემაზე მუშაობის პროცესში რიგითი სტუდენტებისგან იგრძნობოდა საკმაოდ დიდი მხარდაჭერა. მათი მეშვეობით ჩვენ შევძელით მხოლოდ ერთ ფაკულტეტზე რვაასამდე სტუდენტის ხელმოწერის შეგროვება, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ქართულენოვანი მასალების საჭიროებაში. თითქმის ოთხთვიანი ინტენსიური და დაძაბული მუშაობის შემდეგ, 2011 წლის 15 აპრილს, თსუ-ს მეხუთე კორპუსში პრეზენტაცია გაიმართა.
‘თარგმნეს’ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ თანამშრომლობა და პროექტის ერთად გაკეთებაც შემოგვთავაზა, რაზეც ჩვენგან კატეგორიული უარი მიიღო. მიზეზი მარტივი იყო: ჩვენ არ გვსურდა თვითმმართველობასთან თანამშრომლობა – მთელი სამუშაო უკვე გაკეთებული იყო ჩვენ მიერ და ჩავთვალეთ, რომ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული შემოთავაზების მიზანი სტუდენტების თვალში ქულების დაწერა იყო და არა ინიციატივის გატანა, რადგან ამის შესაძლებლობა მათ მანამდეც ჰქონდათ.
15 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე ჯგუფმა წარმოადგინა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევა, რომლებიც სასწავლო მასალებს შეეხებოდა. ნაჩვენები იყო ვიდეო სიუჟეტიც.
კვლევებმა წარმოაჩინა შეცდომები, ხარვეზები ან საერთოდ უმოქმედობა უნივერსიტეტის მმართველობითი სისტემის თითქმის ყველა დონეზე, მათ შორის: ლექტორების, დეკანატის, სტუდენტური თვითმმართველობის (როგორც შუამავლისა და სტუდენტების ინტერესების გამტარებელი ორგანოს), ხარისხის მართვის სამსახურის, საფინანსო სამსახურის, ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან.
საკუთარ შეცდომებს აღიარებდა თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურა და აღნიშნავდა, რომ კანონი დაირღვა. საინიციატივო ჯგუფ ‘თარგმნეს’ საქმიანობა აღმოჩნდა პირველი დასაბუთებული მცდელობა, ეჩვენებინა უნივერსიტეტის ფუნქციონირების ‘სისტემური კრახი’, როგორც ფინანსური, ასევე სწავლების ხარისხის კუთხით.
ჯგუფის საქმიანობამ ნათლად ამხილა უნივერსიტეტის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სისუსტე, უუნარობა და ასევე თვითთმართველობის ძალადობრივ-პარტიული ხასიათი, რითაც შემდგომ განვთარებულ სტუდენტურ საპროტესტო ტალღებს ლეგალური და ლეგიტიმური საფუძველი მისცა.
პრეზენტაციის მსველელობისას, თვითმმართველობის წევრების მხრიდან თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო სტუდენტებზე განხორციელებული ძალადობა საინიციატივო ჯგუფმა მაშინვე ცალსახად დაგმო. უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ გამართული პირველივე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც სწორედ ჯგუფი ‘თარგმნე’ იყო. საინიციატივო ჯგუფის წევრები სტუდენტთა ყველა სამართლიანი მოთხოვნით გამოხატულ პროტესტს მხარს ვუჭერდით, მისი უშუალო მონაწილეებიც ვიყავით და მსგავსი აქციების მიმართ მომავალშიც სოლიდარულები ვიქნებით.
რაც შეეხება თავად თარგმნის პროცესს, პრობლემის დეტალურად გასაცნობად, 2011 წლის 11 მაისს, გაიმართა კიდევ ერთი პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის კანცლერი, საფინანსო სამსახურის უფროსი, შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული პრობლემა და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივედით. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრები გაგრძელდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან, ლექსიკოგრაფიის ცენტრთან, ჰუმანიტარული ფაკულტეტის მთარგმნელობით კათედრასთან, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, იურიდიულ დეპარტამენტთან და რექტორის მრჩევლებთან.
2011 წლის 5 ივლისს შევხვდით რექტორს – სანდრო კვიტაშვილს. მასალების თარგმნის პროცესის კურირება და ჩვენთან კონტაქტი რექტორის მრჩეველს – ქალბატონ მარინა ლომოურს დაევალა. მასთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ უნივერსიტეტს მთარგმნელობითი ბიუროს შექმნის რესურსი არ აღმოაჩნდა (ამ პერიოდში თსუ ჯერ კიდევ საჯარო სამართლის ოურიდიულ პირად რჩებოდა და სტრუქტურული ერთეულის შემქნის იდეა ბევრ პრობლემას აწყდებოდა). საბოლოოდ, მთარგმნელების ხელშეკრულებით დაქირავებაზე და ძირითადი, სავალდებულო საგნებისს რიდერების თარგმნაზე შევთანხმდით. ამ შეთანხმებას მრავალი ლექტორი გამოეხმაურა. ზოგმა მათგანმა წარმოადგინა სათარგმნი მასალები, ზოგმა – თავად დაიწყო თარგმნა. 2011 წლის ივნისსა და 2012 წლის მარტში კი ძალაში შევიდა რექტორის ორი ახალი ბრძანება (№:62/01-01; №:40/01-01), რომლის მიხედვითაც, ლექტორებს დაევალათ ქართულენოვანი სასწავლო პროგრამების (კურიკულუმების) შემუშავება, ხარისხის სამსახურსა და ბიბლიოთეკას კი ამ პროცესის მონიტორინგი და სტუდენტების შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს საინიციატივო ჯგუფ ‘თარგმნეს’ წევრების აბსოლუტური უმრავლესობა დამამთავრებელ კურსზე იყო და ახალი სასწავლო წლის დადგომისას თითეულმა მათთგანმა სხვადასხვა უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, შესაბამისად, შემცირდა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კონტაქტების რაოდენობა და მათ საქმიანობაზე ერთგვარი მონიტორინგის შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე თითქმის ყველა შეთანხმებული რიდერის თარგმნა დასრულებულია.
რასაკვირველია, რამდენიმე რიდერის თარგმნით ფაკულტეტზე აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება. ’თარგმნეს’ მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც უნივერსიტეტის მასშტაბით არსებული არაქართული მასალების თარგმნას გულისხმობდა, კონკრეტულად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდა. ახლა კი საჭიროა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მუდმივი მონიტორინგი სწორედ სტუდენტების მხრიდან განხორციელდეს, რათა სხვადასხვა მიზეზების გამო პროცესი არ შეჩერდეს და სასწავლო ლიტერატურის თარგმნა ყველა ფაკულტეტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
დღეს კვირაა, სამსახურში არ მივდივარ.. თუმცა, როგორც ყოველთვის, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით მაინც მომიწევს იმ ყველაფრის კონტროლი რაც კომპანიაში ხდება. ლეპტოპის თრევა არ დამჭირდება, მობილური ტელეფონითაც მოვუვლი ამ ამბავს. თანაც თბილისი ხომ ინტერნეტით უკვე სრულადაა დაფარული.. ცოტაც და Google ანდროიდისთვისაც შექმნის ქართულ ფონტს.. საინტერესოა, მთელი 6 წლის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი და ყოველ წელს ველოდები.. ამაოდ.. გუგლის ერთგულების გამო ვერ გადავწყვიტე iPhone 7-ს შეძენა.. თუმცა დღეს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
ტელევიზორს ვრთავ.. ამ კვირაში პირველად. ‘მეცხრე არხი’ მამცნობს, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ ცხელი ამინდი იქნება, უმჯობესია მზის სხივებს მოვერიდო და დიდი რაოდენობის სითხე მივიღო. ვეცდები გავითვალისწინო.
ჰო, მართლა, ‘მეცხრე არხმა’ ამ ოთხიოდე წლის წინ მიიღო საკაბელოებზე მაუწყებლობის უფლება. მას შემდეგ, რაც მასთან აფილირებული პარტია პარლამენტში მოვიდა.. უმრავლესობით ვერა, მაგრამ დასაწყისისთვის ცუდი არ იყო.. 2016-ს არჩევნებზეც მიიღეს მონაწილეობა, რეიტინგი ასე თუ ისე აქვთ, დღემდე მეორე პოლიტიკურ ძალად ითვლებიან საქართველოში.. პირველი უკვე 14 წელია არ შეცვლილა.. ვერ ვიტყვი, რომ დიდი დროა, მაგრამ გარკვეული დასკვნების გამოტანის უფლებას ნამდვილად იძლევა..
პრემიერ-მინისტრი ის არ არის ვიზეც 5 წლის წინ იფიქრებდით. ის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორია. სხვათაშორის, საკმაოდ მშვიდად ცხოვრობს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ამბობენ, სამართლიანი არჩევნების გამო არავინ აღარაფერს ერჩისო..
15 დღის წინ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა აღლუმი ისევ ქუთაისში ჩაიბარა.. ხალხის თვალწინ პირველად ჩაიარეს ამერიკული ანტისატანკო და ანტისაჰაერო სისტემით აღჭურვილმა ჯარისკაცებმა.. ამბობენ კარგა ხანია საქართველოს ეს ტექნიკა გადასცესო, მაგრამ როგორც ჩანს საგულდაგულოდ მალავდნენ.. რახან გამოაჩინეს, ესეიგი უკვე სხვა რამ აქვთ დასამალი..
1 წელია, რაც საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმნდა, სანაცვლოდ კი ორჯერადი 3 თვიანი სარეზერვო სამსახური შემოიღეს, 2 წელიწადში ერთხელ. როგორც იქნა მორჩა 18 წლის ბიჭების ‘დაბრაკვაზე ჩალიჩი’. 3 თვეს ყველა უძლებს..
ისე, დოქტორანტურაზე რომ ჩამებარებინა შეიძლებოდა მეც 3 თვე მომწეოდა.. რა მინდოდა ამ პაციფისტ კაცს 15 თვე ჯარში.. მითუმეტეს, სახელმწიფო სამსახურისგან თავის შორს დაჭერას ვცდილობდი მთელი ცხოვრება.. ერთი ეგაა, რომ კანონის დარღვევას ვერ ვიტან..
26 წლის ვარ, 20 წლიდან სოც. მედია მარკეტინგსა და PR-ზე ვმუშაობ კერძო კომპანიებში, ხანდახან პარალელურად ცოტ-ცოტას ‘ვფრილენსერობ’, როცა დრო მაქვს. ვერ ვიტყვი რომ შემოსავალს ვუჩივი, თუმცა მეტიც შეიძლებოდა. რთულია რამდენიმე კომპანიაზე ერთდროულად მუშაობა, მაგრამ ვახერხებ, მეტ-ნაკლებად სტაბილური შემოსავალი მაქვს.
ჰო, მუსიკას თითქმის სრულად შევეშვი. კულტურის სამინისტრომ იმდენი ქნა, რომ ახლა მხოლოდ მათი ეგიდით კეთდება ფული შოუ-ბიზნესში.. ის მაინც კარგია, რომ კეთდება. უბრალოდ აქ ჩემნაირი ლაივ-მუსიკოსებისთვის ადგილი აღარ დარჩა.. ხანდახან რომელიმე ანდერგრაუნდ ან ალტერნატიულ ფესტივალს თუ შევაფარებ ხოლმე თავს, ისიც სიმბოლურად, 2-3 მუსიკალური ნომრით.
რუსეთი ისევ ჩვენი მტერია.. ოღონდ წინანდელზე უფრო მეტად მთვრალი.. როგორც იქნა მიიღეს ქართული ღვინო, რასაც ბორჯომზე მოთხოვნის გაზრდაც მოჰყვა.. მეგობრები ვხუმრობდით, ‘არ გავყიდოთ ბორჯომი და პახმელიაზე იყვნენ სულ, იქნებ შემოტევის თავიც აღარ ჰქონდეთო..’ ისე კი ბოლო დროს იმდენს აღარ გვაწუხებენ, ალბათ მორიგი პროვოკაციისთვის ემზადებიან..
საშინაო პოლიტიკა უცვლელია, ტერიტორიები ისევ ოკუპირებული. ერთი ეგაა დაძაბულობა არის ხოლმე უკვე ნაკლები. მგონი ორივე (ან სამივე) მხარე შეეგუა ყველაფერს.. ხმები დადის, შეიძლება ნატოში შესვლის სანაცვლოდ საქართველომ ტერიტორიები დათმოსო.. 5 წლის წინ რომ ეკითხათ ჩემთვის, ინიციატივას მხარს დავუჭერდი.. დღეს – მიჭირს პასუხი. ალბათ გავიზარდე.
საგარეო პოლიტიკა ისევ უცვლელია, მივდივართ ევროპისკენ, რქებით.. ერთი ეგაა, რომ ევროპა წითელნაჭრიან მატადორს ჰგავს, ყოველი მიახლოების შემდეგ გვცილდება და ახალ მიმართულებას გვაძლევს. ვიზები გამარტივდა, რაც კარგია. უკვე 3-ჯერ ვიყავი მეგობრებთან ჩასული, პატარა ტური მოვაწყეთ.. ცუდია რომ შვებულება დიდი ხნით ვერ გამომდის არასტაბილური სამუშაო გრაფიკის გამო..
სამუშაო გრაფიკზე გამახსენდა, დღეს ხომ 11 ივნისია.. შარშანწინდელი ამბების მერე ეს დღე სამოქალაქო საზოგადოების დღედ გამოცხადდა.. სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები უპირობოდ გაიფიცნენ და შრომის კოდექსის შეცვლა მოითხოვეს. მგონი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხელისუფლება ასეთ წინადადებაზე წამოვიდა და კოდექსში საკმაოდ ლიბერალური ცვლილებები შეიტანა, თანაც ისე, რომ თანამდებობიდან არცერთი გაფიცული არ გაუშვია. ასე რომ, თუ უსაფუძვლოდ გამათავისუფლეს, უკვე შემიძლია ვუჩივლო. თუმცა რატომ უნდა გამათავისუფლონ, ყველა ბოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, დაკისრებულ მოვალეობასაც ნორმალურად ვასრულებ..
ისე კარგი იქნებოდა 11 ივნისი დასვენების დღედ რომ გამოეცხადებინათ.. თუმცა არ მგონია.
გამიმართლა, რომ კვირაა.
თან დღეს სასიამოვნო საქმეზე მივდივარ, ძველ მეგობრებთან ერთად მაქვს რეპეტიცია.
21-ში ვიქტორ ცოის 55 წლის იუბილეს აღვნიშნავთ ღია ცის ქვეშ.
საინტერესო იცით რა არის? არ მიყვარს ქლაბინგი საერთოდ.. ეგეთი ტიპი ვარ.. დიჯეის მუსიკას ვერ ვუმუღამებ.. ცოცხალი მირჩევნია ბევრად..
ჰოდა საერთოდ არანაირი მოლოდინი არ მქონია კლუბ Unique-ში რომ წავედი.. მეგონა ერთ მორიგ ბოოოოოოორინგ საღამოს გავატარებდი, რომელზეც ვერც გავერთობოდი და არც მაინცდამაინც დავლევდი.. (ასე ხდებოდა მანამდე კლუბებში)
მაააგრამ..
Club Unique – Isn’t this beautiful? : )
პირველ რიგში რაც მომეწონა – ვიზუალი.. ექსტერიერიც და ინტერიერიც იდეალურად გამოიყურება.. გარედანვე იგრძნობა, რომ ეს მორიგი უბრალო კლუბი არ არის..
მეორე სართულზე საკმაოდ სოლიდური რესტორანია. კერძები, მართალია, არ გამისინჯავს, მაგრამ სურვილი კი ნამდვილად გამიჩნდა..
თუმცა ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება მაინც არა რესტორანმა, ან თავად კლუბის Dance Floor-მა, არამედ იმ ვერანდამ მიიპყრო, რომელიც ამ ეტაპზე მზადების პროცესშია და წლევანდელი ზაფხულის სეზონზე, დარწმუნებული ვარ, ყოველ საღამოს გადაჭედილი იქნება.
ლამაზია.. მართლა : )
ხედიც იდეალურია და სიტუაციაც.. ამაში მალე თავად დარწმუნდებით..
მოკლედ,Unique-ში ამ პარასკევს DJ IKOST, Salio & MC Samori Balde-მ იღვაწეს.
კლუბში შევედი, ბართან დავჯექი და ლუდი შევუკვეთე.. ნელ-ნელა ვაკვირდებოდი, თუ როგორ ივსებოდა ხალხით ყველა მაგიდა.
ყველა სვამდა, ერთობოდა, გახსნილად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან.
მაშინვე გავიფიქრე, აქ როგორც ჩანს დაცვის კარგი სისტემა აქვთ, არცერთი ‘გამჩმახებელი’ არ შემოუშვიათ-მეთქი..
Bar
როგორც ამბობენ, კარგი კლუბი კარგი ბარმენის გარეშე ისეთივეა, როგორც კარგი მთქმელი კარგი გამგონის გარეშეო..
ანუ გინდა ყოფილა გინდა არა..
Unique კი ამ მხრივ გამორჩეულია. ბარში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და თავის საქმეს თავს იდეალურად ართმევენ.
ჰო, მუსიკაზე გიყვებოდით. სამორი, სალომე კორკოტაშვილი და DJ IKOST.
მსგავს ლაივს პირველად მოვუსმინე და მინდა ვთქვა, რომ სამორი ბალდეს ხმა და სტილი საკმაოდ უხდება ამ მუსიკალურ მიმდინარეობას. თან როგორც ჩანს არცთუ ისე ცოტა ხანია, რაც მუსიკით არის დაკავებული. ჰიპ ჰოპის შექმნა მარტივი არაა, მას კი გამოსდის.
კარგი მუსიკოსები სცენაზე, კარგი ადამიანები Dance Floor-ზე.. მეტი რაღა უნდა პუბლიკას. Everyone was happy : )
happy dancing people : )
ჰო მართლა, ფასებს რომ გადავხედე, არც ისეთი ძვირია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.
ასე რომ, დაძაბული კვირის შემდეგ რელაქსაციისთვის იდეალური ადგილია ეს ჩვენი Unique კლუბი - ადგილი, სადაც დაისვენებ, გაერთობი, იცეკვებ, ‘პიანი ბაზრით’ ტვინს არ გაგიბურღავენ და მუსიკაც გემოვნებიანი იქნება : )